Monday, January 6, 2014


დამრიგებელი სასკოლო ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ფიგურაა. მას ევალება საგნობრივ პედაგოგებთან ერთად მოსწავლის აკადემიური მოსწრებისა და დასწრების აღრიცხვა, მშობლებისთვის შვილის ყოფაქცევისა და აკადემიური მოსწრების გაცნობა, პრობლემების წამოჭრის შემთხვევაში, მოსწავლეს, მშობლებსა და მასწავლებლებს შორის შუამავლობა, მოსწავლის დახმარება აკადემიური თუ სხვა პრობლემების გადაჭრაში, საკლასო ზეიმებისა და ექსკურსიების ორგანიზებაში მონაწილეობა, ახალი ინიციატივით კი - სადამრიგებლო კლასთან საათის ჩატარება. დამრიგებლის მოვალეობიდან გამომდინარე, მას ყველაზე ხშირი და ახლო ურთიერთობა აქვს მოსწავლეებთან, ამიტომაც ის მოსწავლის მრჩეველი და აღმზრდელია. 
     ეს თემა ძალზედ მნიშვნელოვანი სკოლის ცხოვრებისთვის. სადამრიგებლო გამოცდილება აქამდე არ მქონია,მხოლოდ 2012 წელს გავხდი მე-5 კლასის დამრიგებელი. ჩემს თვალწინ დაიზარდნენ და ძალიან შევიყვარე. გულრწფელად მინდა ვაღიარო, რომ სხვა პედაგოგისთვის აღარ მემეტებოდნენ...
      ხოდა...ასე გავხდი მე მათი დამრიგებელი.
      სასწავლო წლის დაწყებიდანვე შევუდექი აქტიურ მუშაობას. მოსწავლეებთან ერთად შევიმუშავე ქცევის წესები და დავგეგმეთ აქტივობები, რომლებსაც განვახორციელებდით მთელი სასწავლო წლის განმავლობაში.

      მიმდინარე სასწავლო წელს მასწავლებელთა პროფესიული გავითარების ეროვნულმა ცენტრმა შემოგვთავაზა ახალი ინიციატივა- სადამრიგებლო საათი. გავეცანი სადამრიგებლო საათის  პროგრამას, რომელიც ძალიან დამეხმარა საკუთარ კლასთან მუშაობაში და ჩემი სადამრიგებლო პროგრამა უფრო დახვეწილი და სრულფასოვანი გახდა.